სოსო ფხაკაძე - უმუშევრობის სტატისტიკის გაუარესება გლობალური პანდემიის თანმდევი უარყოფითი შედეგია
სოსო ფხაკაძე - უმუშევრობის სტატისტიკის გაუარესება გლობალური პანდემიის თანმდევი უარყოფითი შედეგია

უმუშევრობის სტატისტიკის გაუარესება გლობალური პანდემიის თანმდევი უარყოფითი შედეგია, რასაც მთელი რიგი ქვეყნები განიცდიან და ამ მხრივ, სამწუხაროდ, საქართველოც ვერ იქნებოდა გამონაკლისი, – ასე აფასებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მე-2 კვარტლის უმუშევრობის ზრდის სტატისტიკას.

ასოციაციის პრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე საუბრობს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების სამომავლო პერსპექტივებსა და ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის მნიშვნელობაზე.

„მართალია, ჯამურად ეკონომიკის აღდგენა სახეზეა, თუმცა სამწუხაროდ, დასაქმების სრულ აღდგენას დროში ჩამორჩენა ახასიათებს, ისევე როგორც საინვესტიციო პროექტების აქტიურ განახლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ეკონომიკაზე მიღებული დარტყმის შედეგების განეიტრალება დასაქმების მიმართულებით შედარებით უფრო გვიან არის მოსალოდნელი. თუ დავაკვირდებით სხვა, განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების დინამიკას, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ სურათი მეტნაკლებად მსგავსია. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება, ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს, ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ არის აღდგენილი“, – აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა.

სოსო ფხაკაძე საუბრისას ასევე შეეხო ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლებსა და დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამების უმნიშვნელოვანეს როლს.

„ამასთან, დარწმუნებული ვართ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებლები და ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები იქონიებს იმ პოზიტიურ შედეგს, რომელიც მოგვცემს დასაქმების ასევე შედარებით სწრაფად აღდგენის საშუალებას, რაც უმუშევრობის მაჩვენებლებზე მომდევნო კვარტლებში უნდა აისახოს“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

დატოვე კომენტარი