სომხური გამოცემა - საქართველოს ნაკრების კარში ერთადერთი გოლის ავტორი სევიკიანის ოჯახი ახალქალაქიდანაა და თავადაც საქართველოს ხშირად სტუმრობდა #1TVSPORT
სომხური გამოცემა - საქართველოს ნაკრების კარში ერთადერთი გოლის ავტორი სევიკიანის ოჯახი ახალქალაქიდანაა და თავადაც საქართველოს ხშირად სტუმრობდა #1TVSPORT

ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთის შემადგენლობიდან საქართველოს ნაკრების კარში ერთადერთი გოლის ავტორს, ედგარ სევიკიანს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა Sportaran-ი ავრცელებს.

ედგარ სევიკიანი მოსკოვში დაიბადა, მაგრამ უნგრეთის „ფერენცვაროშისა“ (მოსკოვის „ლოკომოტივში“ იჯარით თამაშობს) და სომხეთის ნაკრების ნახევარმცველის ოჯახი ახალქალაქიდანაა. სომხური გამოცემა სევიკიანისა და გიორგი ქოჩორაშვილის მეგობრობაზე წერს.

მეგობრების შეხვედრა მოედანზე: სევიკიანი და ქოჩორაშვილი

„თბილისში, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის უეფა-ს ერთა ლიგის მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილისა და ედგარ სევიკიანი ფოტო გამოქვეყნდა. სომხეთის ნაკრების ფორვარდმა, ედგარ სევიკიანმა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა დიდხანს ისაუბრეს. სევიკიანი ცუდ ხასიათზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ლამაზი გოლი გაიტანა, მისი ნაკრები საქართვლოსთან 1:6 დამარცხდა, ქოჩორაშვილი მეგობრის გამხნევებას ცდილობდა.

ედგარ სევიკიანი და გიორგი ქოჩორაშვილი ერთმანეთს ესპანური „ლევანტეს“ აკადემიაში თამაშის დროიდან იცნობენ, ორივემ ამ კლუბში გადადგა პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში. აღსანიშნავია ისიც, რომ სევიკიანის ოჯახი ახალქალაქიდანაა და ფეხბურთელი საქართველოს ხშირად სტუმრობდა.

ისინი ერთად თამაშობდნენ სარეზერვო გუნდში და ლა ლიგაში სადებიუტო მატჩიც ორივემ 2020 წელს ჩაატარა. სევიკიანი შემდეგ რუსეთში დაბრუნდა და ახლა მოსკოვის „ლოკომოტივის“ მოთამაშეა, ქოჩორაშვილი კი „ლევანტეში“ დარჩა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და ლა ლიგაში დაბრუნებაში ეხმარება“.