სოფო კილაძე – ვიცით ისტორია და ვინ არის ოკუპანტი, მაგრამ თუ კიდევ გავავრცელებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, მივესალმები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, რომლის თანახმადაც პუტინის სიტყვები ისტორიასთან დაკავშირებით ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისთვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება.
„საქართველოს ისტორია არის ჩვენთვის ერთ-ერთი საფუძველი, რომლითაც ვამაყობთ. რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს ისტორიაზე ინფორმაციის სწორად გავრცელებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ეწევა ანტიქართულ პროპაგანდას.
არ მგონია, ამან დიდი ზეგავლენა მოახდინოს, რადგან ყველამ კარგად ვიცით ისტორია და ვინ არის ოკუპანტი, მაგრამ თუ კიდევ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა გავავრცელოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და რა თქმა უნდა, სწორად, ამ ნაბიჯებს მივესალმები“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ მზად არიან, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი.