სოფო კილაძე - როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობას აანონსებს, შეიარაღებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოჩენა სერიოზულ კითხვებს აჩენს
სოფო კილაძე - როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობას აანონსებს, შეიარაღებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოჩენა სერიოზულ კითხვებს აჩენს

სწორედ მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” აანონსებდა ქვეყანაში არეულობასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ჩნდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც იარაღი და შესაბამისი აკრძალული მასალა აქვთ ხელთ,-ამის შესახებ დამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,

მისივე თქმით, ეს ფაქტი სერიოზულ კითხვებს აჩენს, მით უმეტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილებში, პროვოკაციებსა და ძალიან ცუდ საქმეებშია შემჩნეული. სოფო კილაძის თმით, რეალობაში რა მოხდა და რა იყო სინამდვილე, ამ კითხვებს სამართლებრივ სახელმწიფოში გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

„რაც შეეხება სემენჩენკოს საქართველოში ყოფნასა და მის შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან, რა თქმა უნდა, ბატონი დეპუტატის აქ ჩამოსვლა და შეიარაღებული პირების არსებობა სწორედ იმ დროს, როდესაც ტყუილებში და ათასგვარ საზიზღრობაში შემჩნეული „ნაციონალური მოძრაობა“ აანონსებს რაღაც უბედურებას ქვეყანაში, კითხვის ნიშნებს აჩენს და ამას ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აუცილებლად უნდა მოუძებნოს გამოძიებამ. ისეთ ქვეყანაში, სადაც თავს ვიწონებთ ჩვენი დემოკრატიითა და სამართლებრივი სახელმწიფოთი,  დაუშვებელია, ვინმე აანონსებდეს არეულობას და შეინიშნებოდეს სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები სურვილის დონეზეც კი. ჩვენ, ხელისუფლება ვალდებული ვართ ყველანაირი სამართლებრივი ნაბიჯი გადავდგათ, რომ მსგავსი სურვილი არავის ჰქონდეს, თუ რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი მცდელობის  გამოვლინება ექნება“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, 2 დეკემბერს თბილისში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.