სიმონ მასხარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არაღიარება სისულელეა, ის საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალია
სიმონ მასხარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არაღიარება სისულელეა, ის საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალია

არჩევნები შედგა და მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა პერსონალურად ქალბატონ სალომესადმი, ის საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალია, – ამის შესახებ ისტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჯვარი წერია და, მობილიზაცია გამოსაცხადებელი რომ გახდეს და ის ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადოს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებლის 99,99% სახლში არ დარჩება და მას ყველა მთავარსარდლად მიიღებს. იმიტომ, რომ ის საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალია. ამიტომ თუ იმიტომ, შედეგებით ასეა“, – განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მიზანი აქვს ოპოზიციის ერთ ნაწილს და მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებენ, სიმონ მასხარაშვილმა განაცხადა, რომ არაღიარება უბრალოდ, სისულელეა.

„პირდაპირ ვიძახი, ეს სისულელეა. იმიტომ, რომ ეს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენა და პოლიტიკური პროცესიდან მოწყვეტაა“, – განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

როგორც ისტორიკოსმა აღნიშნა, ის მთლიანად მაჟორიტარული სისტემის მომხრეა და არა პროპორციულის, მაგრამ სანამ საზოგადოება ამა თუ იმ სისტემის უკეთესობაზე შეთანხმდება, ღირებულებებზე უნდა შეთანხმდეს.

„აშშ-ში ღირებულებებზე შეთანხმება დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე კი არ დაიწყეს, არამედ ბენჯამინ ფრანკლინი, ტომას ჯეფერსონი და მანამდე, ვირჯინიელი მამები ამაზე ათწლეულები ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ. ამიტომ, იმაზე ჭიდაობას, რომელი სისტემაა კარგი თუ ცუდი, სჯობს, იმ ღირებულებებზე ვმსჯელობდეთ, რომელზე შეთანხმებაცაა საერთოდ კონსტიტუციაც და ჩვენი საზოგადოებაც“, – განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

მასხარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კამპანია ნეგატიურ მომენტზე იყო აგებული და პირველ ტურში ძალიან დიდი როლი ითამაშა სალომე ზურაბიშვილის ფაქტორის დემონიზაციამ.

„თუ ვთქვათ, წინა არჩევნებში – 2014-ში, 2016-ში და 2017-ში ნაცმოძრაობას მთლიანობაში 400 000 ხმა ჰქონდა, ახლა პირველ ტურში „ნაცმოძრაობასა“ და ბაქრაძეს 800 000-მდე დაუგროვდა და მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს – მილიონამდე, მაგრამ მეორე ტურში მეორე ფაქტორი წამოვიდა, როდესაც ორი პარტია დარჩა. პროპაგანდისტული მანქანა ასე მუშაობდა, რომ „ოცნება“ გვღუპავს, მაგრამ იქიდან იყო მეორე – მიშა მოდის“, – განაცხადა სიმონ მასხარაშვილმა.

მისი თქმით, ამ მოცემულობაში, მოსახლეობის 60%-მა მიიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაცილებით დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე „ქართული ოცნება“, 40% კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება უფრო საშიში იქნებოდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი.