შვედეთთან გადამწყვეტი გოლის ავტორის უჩვეულო კარიერა - დოვბიკი უკრაინის პირველი ლიგის კლუბიდანაა, მას მოლდოვაშიც არ ათამაშებდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
შვედეთთან გადამწყვეტი გოლის ავტორის უჩვეულო კარიერა - დოვბიკი უკრაინის პირველი ლიგის კლუბიდანაა, მას მოლდოვაშიც არ ათამაშებდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2020-ის ბოლო მეოთხედფინალისტი უკრაინის ნაკრებია, რომელმაც შვედეთთან შეხვედრა დამატებულ დროში არტიომ დოვბიკის გოლით მოიგო – 2:1.

ამაში საინტერესო არაფერი იქნებოდა, რომ არა ეს ფაქტი – ანდრეი შევჩენკომ უკრაინის არა პრემიერლიგის, არამედ, პირველი ლიგის კლუბიდან, დნეპროპეტროვსკის „დნიპრო 1-დან“ აიყვანა 24 წლის ტანმაღალი თავდამსხმელი, რომელსაც ძალიან უჩვეულო კარიერა აქვს.

არტიომ დოვბიკი ჩერკასში დაიბადა და ამ ქალაქის „სლავუტიჩში“ თამაშობდა, 2015-2017 წლებში დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ ირიცხებოდა, რომელიც გაკოტრდა და ფეხბურთელი მოლდოვაში, ბელცისზარიაში“ გადავიდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ევრო 2020-ის გუშინდელი საღამოს ერთ-ერთ გმირს ამ საკმაოდ დაბალი დონის ჩემპიონატში არ ათამაშებდნენ – „ზარიაში“ სულ სამი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

მაგრამ დოვბიკს ხელი არ ჩაუქნევია და 2018-2020-ში დანიაში გადავიდა, სადაც „მიდტიულანდში“ გამოდიოდა და დანიის ჩემპიონი გახდა. 2019-2020 წლებში კი მეორე დანიურ კლუბში, „სონდერისკეში“ გადავიდა.

უკრაინაში 2020 წელს დაბრუნდა და პირველი ლიგის დნეპროპეტროვსკის „დნიპრო-1-ში“ ჩაირიცხა, სადაც დიდი შედეგიანობით არ ბრწყინავდა – 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა. შევჩენკომ ის ნაკრებში 2021 წლის 21 მარტს ათამაშა – დოვბიკი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საკვალიფიკაციო ტურნირზე ყაზახეთის ნაკრებთან მატჩში (1:1) მოედანზე შეცვლაზე 81-ე წუთზე შევიდა.

საინტერესოა, რომ მაშინ შევჩენკომ დოვბიკი იმიტომ გამოიძახა, რომ ტრავმირებული იყო კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი არტემ ბესედინი – სწორედ ის, ვინც შვედეთთან დაშავდა. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფნალში არტიომ დოვბიკმა უკრაინის ნაკრების ფორმა მესამედ მოირგო, გოლი კი პირველად გაიტანა.