შოთა მახარაძის გუნდი „პეტროკუბი“ მოლდოვის ჩემპიონატში ლიდერებს შორისაა #1TVSPORT
შოთა მახარაძემ მოლდოვაში მუშაობა წარმატებით დაიწყო. 45 წლის ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა „პეტროკუბმა“ მოლდოვის ჩემპიონატის მეორე ტურში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, კიშინიოვის „ზიმბრუ“ 2:1 დაამარცხა და ორ ტურში მოპოვებული 4 ქულით „დაჩიასთან“ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს.
„ჩვენთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გულშემატკივრის მხარდაჭერას ვგრძნობდით, კარგად ჩავატარეთ პირველი ტაიმი და რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით — ეს ყველაფერი გააზრებული შეტევების შედეგი იყო. შესვენების შემდეგ დაცვაში დავიხიეთ და საბოლოოდ იღბალმა გაგვიღიმა, მატჩის ბოლო წამებზე გატანილი გოლით დავიმსახურეთ სამი ქულა.
„შერიფის“ შემდეგ „პეტროკუბში“ მოხვედრა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მოლდოვის ერთ-ერთ წამყვან კლუბში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია“, — განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.
მახარაძის გუნდმა პირველ ტურში ბალცის „ოლიმპიასთან“ 1:1 ითამაშა, ხოლო მეორე ტურში „ზიმბრუს“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით სძლია.
აღსანიშნავია, რომ შოთა მახარაძე ახლახან მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მიიწვიეს — ის ლილიან პოპესკუს მთავარ ასისტენტად დანიშნეს. მახარაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „შერიფის“ აკადემიას და წვრთნიდა კლუბის 19-წლამდელთა გუნდს, რომელიც ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე მიიყვანა.