შოთა მახარაძე - „შერიფმა“ აჩვენა, რომ სწორი კონცეფციით დიდი წარმატების მიღწევა პატარა ქალაქის გუნდსაც შეუძლია #1TVSPORT
შოთა მახარაძე - „შერიფმა“ აჩვენა, რომ სწორი კონცეფციით დიდი წარმატების მიღწევა პატარა ქალაქის გუნდსაც შეუძლია #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული ტირასპოლის „შერიფის“ მომავალზე ქართველი მწვრთნელი ზრუნავს – სარეზერვო გუნდის და კლუბის საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი შოთა მახარაძეა. საქართველოს პირველ არხთან 41 წლის სპეციალისტმა გუნდის წარმატებაზე კომენტარი გააკეთა.

„მეოთხე წელია, ტირასპოლის „შერიფის“ სარეზერვო გუნდის და კლუბის საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი ვარ და მიხარია, რომ ორივე გუნდით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვთამაშობთ. მთავარი „შერიფის“ პარალელურად, 19-წლამდელებმაც წარმატებით ვითამაშეთ. ასეთი გამოსვლა ახალგაზრდა თაობისთვის დიდი სტიმულია და დიდი ფეხბურთისკენ გადადგმული ნაბიჯია. წარმატებები კი შემთხვევით არ მოსულა. „შერიფი“ წლიდან წლამდე იზრდებოდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ყოველწლიურად უახლოვდებოდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან შოთა მახარაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი მაინც სწორი მართვიდან დაიწყო:

„წარმატება უპირველესად ჩვენი კლუბის პრეზიდენტს უკავშირდება. მან შექმნა საუკეთესო გარემო იმისთვის, რომ თითეულმა ჩვენგანმა მხოლოდ ფეხბურთზე და დიდ წარმატებებზე იფიქროს. შექმნა იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა მთელი კლუბი. ამ დიდი ეპოქის შექმნაში ასევე უდიდესი როლი ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა ვაჟა თარხნიშვილმა ითამაშა. ამ გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა მაგალითი, რომ დიდი შრომით, სწორი ანალიტიკური აზროვნებით, პრაგმატული კონცეფციით და უზარმაზარი რწმენით პატარა ქალაქში დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება“.

დატოვე კომენტარი