შოთა ხაბარელი - ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა შერიგდნენ და დათუნაშვილის საქართველოდან წასვლა გამოირიცხოს
შოთა ხაბარელი - ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა შერიგდნენ და დათუნაშვილის საქართველოდან წასვლა გამოირიცხოს

ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა შერიგდნენ და დათუნაშვილის საქართველოდან წასვლა გამოირიცხოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და არავითარი დაუსჯელობის სინდრომი არ არის.

„ჩვენი ვალია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. ახლა მთავარია, სიტუაცია დამშვიდდეს. მოხდეს შერიგება. დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია. ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენების შერიგება უნდა მოხდეს, რადგან დასაკარგი სპორტსმენი არ გვყავს. მით უმეტეს, ასეთი სპორტსმენის საქართველოდან გადინება დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი დამშვიდდეს. რადგან ოლიმპიური თამაშები ახლოს არის, ეს მთელი საქართველოს ინტერესი უნდა იყოს“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

რაც შეეხება საკითხს, უნდა დარჩეს თუ არა გეგა გეგეშიძე თანამდებობაზე, შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ჭიდაობის ფედერაცია იმსჯელებს.

„როგორც ვიცი, ჭიდაობის პრეზიდიუმის სხდომა იქნება და ამ საკითხის გარჩევა პრეზიდიუმზე მოხდება. გეგეშიძე უნდა დარჩეს თუ არა, ეს პრეზიდიუმის პრეროგატივაა. დაველოდოთ, დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ეს საკითხი გადაწყდება. სპორტის სამინისტრო ამ საკითხში აუცილებლად უნდა ჩაერთოს, რადგან პოლიტიკას სამინისტრო განსაზღვრავს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დარეგულირდება. საჭიროა უფრო მჭიდრო ურთიერთობა, მოლაპარაკება, რომ ეს გამოვრიცხოთ და დათუნაშვილის საქართველოდან წასვლა არ მოხდეს.

გამოძიება ისევ მიმდინარეობს. ჯერ არ დამთავრებულა და გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.  დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.  სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.