შოთა ხაბარელი - გრიგალაშვილმა ოლიმპიურ თამაშებამდე ძალიან დიდი განაცხადი გააკეთა
შოთა ხაბარელი - გრიგალაშვილმა ოლიმპიურ თამაშებამდე ძალიან დიდი განაცხადი გააკეთა

ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი შოთა ხაბარელი საქართველოს პირველ არხთან არ მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილის გამოსვლამ აღაფრთოვანა.

პრაღაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრმა ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იჭიდავა, ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მანამდე 10 დღით ადრე კი გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებში მოიპოვა.

„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ტატო გრიგალაშვილის გამოსვლით. მას უძლიერესი სპორტსმენების წინააღმდეგ მოუწია შეხვედრა და ფაქტობრივად, არც ერთს შანსი არ დაუტოვა. შეუვალია და მოწინააღმდეგეს შანსს არ უტოვებს. ის მეტოქეებისთვის არის ამოუცნობი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი განაცხადი გააკეთა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სასურველი მედალი მოიპოვოს. თუმცა, მანამდე დიდი დროა და ტატოს დიდი შრომა მოუწევს, რომ ეს ნიჭი გამოავლინოს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან შოთა ხაბარელი.

შოთა ხაბარელი ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონია. იყო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-1991, 1997-2009), ხოლო ოთხჯერ ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს (2002, 2003, 2006, 2008). მან ევროპის ჩემპიონატზე ზოგადად გუნდის გამოსვლაც შეაფასა.

„მინდა ჩვენი გუნდის სხვა წევრებზეც ვილაპარაკო. სულ ჩვენი ნაკრების წევრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მამაკაცთა შორის გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. შავდათუაშვილმა მეორე დაიკავა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას და სხვა ბიჭებსაც მეტი შეეძლოთ. თუმცა, მთლიანობაში, გუნდი ძალიან კარგად გამოვიდა“,- აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი.