შოთა დიღმელაშვილი - აქციის მოთხოვნებს არც არაფერი გამოაკლდება და არც არაფერი დაემატება, გვიკმაყოფილებენ სამივე მოთხოვნას და მერე მივდივართ სახლში
შოთა დიღმელაშვილი - აქციის მოთხოვნებს არც არაფერი გამოაკლდება და არც არაფერი დაემატება, გვიკმაყოფილებენ სამივე მოთხოვნას და მერე მივდივართ სახლში

ჩვენ გვქონდა სამი მოთხოვნა და გვექნება სამი მოთხოვნა. ამ მოთხოვნებს არც არაფერი გამოაკლდება და არც არაფერი დაემატება, არც არაფერი ჩარედაქტირდება, ჩვენ გვიკმაყოფილებენ სამივე მოთხოვნას და მერე მივდივართ სახლში, რადგან ეს სიტყვა დავთქვით ჩვენ და ჩვენს სიტყვებს პატივს ვცემთ, ჩვენთვის სიტყვა ჰაერი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მესამე მოთხოვნის, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შემდეგ, აქციები დაიშლება.

„10 დღეა, ამას ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინც თუ ვინმემ ვერ გაიგო შეგახსენებთ – ჩვენ გვქონდა სამი მოთხოვნა – პროპორციული არჩევნები იმისათვის, რომ პარლამენტში მართლა ხალხის ხმა ისმოდეს და არა ვიღაცის, ერთი ადამიანის მიერ არჩეული პიროვნებების ხმა, რომლებიც საქართველოს სახელით ლაპარაკობენ. ეს მოთხოვნა დაგვიკმაყოფილეს. ჩვენ გვინდოდა 300 ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც იმ საბედისწერო დღეს, ბუჩქებიდან, სადარბაზოებიდან ამოათრიეს და მიბჯენით თვალებში ესროლეს ტყვიები, რომლის გამოყენების წესებიც არ იცოდნენ, ადამიანები რომლებიც დააპატიმრეს, მერე ექიმი არ ჩაუშვეს საკნებში.

როდესაც ისინი გამოვიდნენ, მერე გაიგეს, რომ ბევრი რაღაც მოტეხილი აქვს, თვალის ფოსო აქვს ჩამსხვრეული, ტვინის შერყევა აქვთ და არ იცოდნენ. მათთვის ვერ გაიმეტეს ექიმი და გაიმეტეს ტყვიები, მაგრამ ისინი ახლა გარეთ არიან, ჩვენთან დგანან. ჩვენ ასევე გვქონდა მესამე მოთხოვნა, გადამდგარიყო მინისტრი, რომელმაც ან გასცა ეს ბრძანება და გადასადგომია, ან არ იცის რა ხდება მის სამინისტროში და მაინც გადასადგომია. არანაირი გამოძიება ამას არ სჭირდება, ორივე ვარიანტში გადასადგომია. ჩვენ გვქონდა სამი მოთხოვნა და გვექნება სამი მოთხოვნა. ამ მოთხოვნებს არც არაფერი გამოაკლდება, არც არაფერი დაემატება და არც არაფერი ჩარედაქტირდება, ჩვენ გვიკმაყოფილებენ სამივე მოთხოვნას და მერე მივდივართ სახლში, იმიტომ, რომ ეს სიტყვა დავთქვით ჩვენ და ჩვენს სიტყვებს პატივს ვცემთ, ჩვენთვის სიტყვა ჰაერი არ არის“, – განაცხადა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აქციის მოთხოვნები უნდა გაიზარდოს. ამ თემაზე აქციაზე მყოფმა სანდრა რულოვსმაც ისაუბრა და აღნიშნა: „მგონი, აქციის მონაწილეები მოთხოვნებს დაამატებენ ცოტა ხანში, რადგან ივანიშვილის დანიშნული ხალხი ხომ ხედავთ, რომ ვერ აკეთებს საქმეს და უნდა შეიცვალოს მთლიანი მთავრობა, უნდა შეიცვალოს განლაგება პარლამენტში“. სანდრა რულოვსი ასევე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან ერთად მთავრობა უნდა შეიცვალოს, რაც, მისი თქმით, ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს.