შოთა არველაძე - დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოვიგებთ
შოთა არველაძე - დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოვიგებთ

„ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენს ნაკრებს საკადრო პრობლემები აქამდეც ჰქონია, ლიდერების არყოფნა აქამდეც არაერთხელ გვახსოვს, მაგრამ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაშს მაინც ერთი ნაბიჯი აშორებს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი, რომელიც ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარი მწვრთნელია, ჩვენი ნაკრების წარმატებას ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაშიც იმედოვნებს.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებამდე ძალიან განვიცდიდით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე დაშავებული იყო, მაგრამ გუნდმა აჩვენა, რომ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის. მერე გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ახლა დაგვაკლდა. ხვიჩა ბოლო სამ შეხვედრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, ჩვენს ნაკრებში იმხელა პოტენციალის ფეხბურთელები არიან, რომ ამ მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ“, – ამბობს შოთა არველაძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელს ჩვენი გუნდის გამარჯვების სჯერა: „ჩრდილოეთ მაკედონია ის გუნდი არ არის, რომ ვერ დავამარცხოთ. არ ვიცი, ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოვიგებთ. უბრალოდ, უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რასაც აქამდე ვთამაშობდით. ეს იქნება სიხარული იმ დიდი წვალების, გადატანილი ომებისა და უბედურების შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის წლებში გადაიტანა. წარმატებები ჩვენს ნაკრებსა და ქვეყანას!“.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ დღეს გაიმართება. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.