შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა - „დინამო თბილისმა“ ანანიძის წასვლაზე განცხადება გაავრცელა #1TVSPORT
შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა - „დინამო თბილისმა“ ანანიძის წასვლაზე განცხადება გაავრცელა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ჯანო ანანიძის წასვლასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრების მოთამაშესთან კონტრაქტის არგაგრძელების მიზეზი დააკონკრეტა.

„თბილისის „დინამო“ ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად“, – წერია თბილისელთა განცხადებაში.

„დინამო თბილისის“ ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლებელი იყო.

„ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, „დინამოსთან“ ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა. ვინაიდან მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა, კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება“.

არც ისე სასიამოვნო დამშვიდობების მიუხედავად, „დინამო“ ფეხბურთელს წარმატებას უსურვებს.

„თბილისის „დინამო“ წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს მომავალში და იმედი გვაქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელი კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს, არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც“.