ჯანო ანანიძე „დინამოდან“ ფინანსების გამო წასვლას უარყოფს - ქართული კლუბების მენეჯმენტის სამწუხარო რეალობაზე შედეგები მეტყველებს #1TVPORT
ჯანო ანანიძე „დინამოდან“ ფინანსების გამო წასვლას უარყოფს - ქართული კლუბების მენეჯმენტის სამწუხარო რეალობაზე შედეგები მეტყველებს #1TVPORT

ჯანო ანანიძე „დინამო თბილისიდან“ წავიდა. ამის შესახებ გავრცელებული ხმები თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა. 28 წლის მოთამაშე არ მალავს, რომ გუნდთან დაშორების ფორმა მისთვის მოულოდნელი იყო.

„დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს წერილი და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის მეთქვა, „დინამოდან“ წამოსვლის მიზეზისა და იმ ფორმის შესახებ, როგორც მოხდა ჩვენი განშორება. საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, „დინამოდან“ ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური უკმაყოფილება გახდა. ეს არის მცდარი ინფორმაცია. ჩემმა გულშემატკივრებმა მინდა სიმართლე იცოდნენ. ამიტომ მსურს გითხრათ, რომ ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელეფონით მაცნობეს და არა შეხვედრის დროს, პირადი საუბრისას.

ჩემთვის გასაკვირი იყო ისიც, რომ დამირეკა „დინამოს“ ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა და არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც მრავალი წელია ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე დიდი ხანია, ვიცნობ. გულწრფელად ვიტყვი, გული დამწყდა, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე დიდ პატივს ვცემდი, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას. ვთვლი, რომ არც კლუბისგან და არც „დინამოს“ მთავარი მწვრთნელისგან არ ვიმსახურებდი ასეთ დამოკიდებულებას, რადგან მის ნათქვამს ჩემთვის გაცილებით მეტი წონა ექნებოდა და გაცილებით უფრო გასაგები იქნებოდა.

კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ჩემი ტრავმის გამო ვერ გარისკავდა ჩემთან შემდგომ თანამშრომლობას. არადა, საქმე ისაა, რომ ოპერაციისა და პანდემიისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ასე კარგად თავი არასდროს მიგრძნია და სწორედ ამიტომ „დინამოს“ მიმართ ჩემი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ შეკრებაზე ჩემივე ხარჯით წავსულიყავი, სადაც საწვრთნელ პროცესში ყველაფერს ჩავდებდი. თუკი ამის შემდეგ არ შემექმნებოდა მუხლის ან რაიმე სხვა ტრავმით გამოწვეული პრობლემა და შესაბამისად დავიბრუნებდი ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, მაშინ ვისაუბრებდით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობაზე. თუმცა, სატელეფონო საუბარში სულ სხვა პასუხი მივიღე. ასე რომ, საქმე ფინანსებს საერთოდ არ ეხება და ნურავინ შეეცდება მიზეზი მატერიალურ მხარეში ეძიოს.

ზოგადად ვიტყვი, რომ კლუბების ხელმძღვანელობის და მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად ნამდვილად არ გამოირჩევა საფეხბურთო ცოდნით, გემოვნებით და მენეჯერული თვისებებით, ფეხბურთელისადმი ასეთი დამოკიდებულებით ვერც რომელიმე კლუბს და ვერც ქართულ ფეხბურთს განავითარებს. სამწუხაროა, რომ ქართული კლუბების მენეჯმენტში ასეთი რეალობაა. რეალობა, რომელზეც ნათლად მეტყველებს შედეგები. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან როცა ვსაუბრობთ განვითარებაზე, ამ განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს. ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება“, – წერია ანანიძის განცხადებაში.

„დინამო თბილისში“ ჯანო ანანიძე წლეულს ზაფხულში ჩაირიცხა, მაგრამ მისი ფორმა მხოლოდ ერთხელ, ბათუმის „დინამოსთან“ მოირგო და შემდეგ ტრავმის გამო გუნდს ვეღარ დაეხმარა.