შერმადინმა 20 ჩააგდო, ბურჯანაძემ 13 - ქართველი კალათბურთელების წინასასეზონო მოგებები
შერმადინმა 20 ჩააგდო, ბურჯანაძემ 13 - ქართველი კალათბურთელების წინასასეზონო მოგებები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრები, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის ემზადებიან. მათმა გუნდებმა მორიგი საკონტროლო მატჩები გამართეს.

ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ მადრიდის „ესტუდიანტესი“ 94:83 დაამარცხა, ხოლო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ფუენლაბრადასთან“ 84:89 დათმო.

ბურჯანაძის თანაგუნდელებმა მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყვიტეს, რომელიც 19-ქულიანი უპირატესობით, 29:10 მოიგეს.

გამარჯვებაში ბექას წვლილი 13 ქულა იყო: მან 18 წუთში ასპროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა – 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო, 2-დან 2 სამიანი. 13 ქულის გარდა ბექას ანგარიშზე 2 მოხსნა დაფიქსირდა.

„გრან კანარიას“ გამარჯვებაში 18 ქულიანი წვლილი შეიტანმა ვაილიმ, ხოლო მატჩის ბომბარდირი „ესტუდიანტესის“ ლეგიონერი ავრამოვიჩი გახდა – 24 ქულა.

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ნიკა ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ „ფუენლაბრადას“ მეოთხე პერიოდის წინ უგებდა, თუმცა დასკვნითი მონაკვეთი მადრიდელებმა უკეთ ჩაატარეს და, როგორც მოგახსენეთ, 89:84 მოიგეს.

„ფუენლას“ კალათბურთელებს ძალიან გაუჭირდათ ქართველი ცენტრის გიორგი შერმადინის შეკავება, რომელმაც 20 ქულას მოუყარა თავი. მის გუნდში 10 ქულას კიდევ ორი კალათბურთელი ასცდა – ფიტიპალდო (11) და ტოდოროვიჩი (12).

დატოვე კომენტარი