შენგელიას 15 ქულა და მოგება მთავარ კონკურენტთან #1TVSPORT
შენგელიას 15 ქულა და მოგება მთავარ კონკურენტთან #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე, ამჯერად მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს „უნიქსს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 102:86 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი მოსკოვური გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 25 წუთსა და 26 წამში 15 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თორნიკემ რვიდან ოთხი ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი კი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. შენგელია საჯარიმოს ხაზიდან მაღალი პროცენტით ისროდა და რვა მცდელობიდან შვიდჯერ ბურთი კალათში მოათავსა.

მიუხედავად პირველ მეოთხედში სამი ქულით მარცხისა, ცსკა-მ მეორე პერიოდი 9 ქულით მოიგო და უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა.

მოსკოვური გუნდიდან საუკეთესო 24 ქულით უილ კლაიბერნი იყო, 16-16 ქულა ჰქონდათ ჰეკეტსა და უხოვს, „უნიქსიდან“ კი 18 ქულით აიზია კანაანი გამოირჩა.

ცსკა ვითიბი ლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფება და პირველ ადგილოსან „ზენიტს“ 30 მარტს შეხვდება.