შემოსავლების სამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხარეს, „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოების გამო, საბაჟო პროცედურები შეფერხებით მიმდინარეობს
შემოსავლების სამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხარეს, „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოების გამო, საბაჟო პროცედურები შეფერხებით მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხარეს, „ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მიმდინარეობს შეფერხებით.

„აქვე, აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი – „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება (ზემოაღნიშნული მიზეზით, რუსეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტი ნაკადის მიღებას).

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1 000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი. ასევე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური საპატრულო პოლიციის, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

დატოვე კომენტარი