შემოსავლების სამსახური - სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთი არ აღმოგვიჩენია
შემოსავლების სამსახური - სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთი არ აღმოგვიჩენია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

„დღეს ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთის გადაადგილება აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“,  რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი შემოვიდა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა.

ამასთან, შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ტვირთის თანმხლები დოკუმენტების, კამერალური შემოწმებისა და საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დაუფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთა და  გააგრძელა მოძრაობა შემდგომი დანიშნულების ადგილის მიხედვით.

აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს და მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, შესაბამისად ამ მიზნისთვის, შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 14 347 სატვირთო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან გავიდა 14 595 სატრანსპორტო საშუალება“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.