შალვა შავგულიძე - ახლა იყო ის კრიტიკული ზღვარი, როცა მადლობა უნდა გვეთქვა დასავლელი პარტნიორებისთვის
შალვა შავგულიძე - ახლა იყო ის კრიტიკული ზღვარი, როცა მადლობა უნდა გვეთქვა დასავლელი პარტნიორებისთვის

ახლა იყო ის კრიტიკული ზღვარი, როცა მადლობა უნდა გვეთქვა დასავლელი პარტნიორებისთვის, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა შავგულიძემ, რომელმაც დღეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„მიმაჩნია, რომ საჭირო იყო ამაზე ხელმოწერა, ვინაიდან ვხედავთ, არჩევნების გაყალბების შემდეგ როგორი პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა ქვეყანაში. ქვეყნის შიგნით, დამოუკიდებლად ამ კრიზისს ვერ ვძლევთ და ასეთ შემთხვევაში, დამხმარედ მოგვევლინენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ჩვენ დავდექით იმ საშიშროების წინაშე, ახლაც უარს თუ ვიტყოდით, „ქართული ოცნება“ ამით მხოლოდ გაიხარებდა და იზეიმებდა. ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრის საკითხში დავრჩებოდით პირისპირ „ქართულ ოცნებასთან“ და უფრო სწორად, ივანიშვილთან და რუსეთთან. ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ ასეთი რუსული შემოტევის გამკლავებას. მე მიმაჩნია, რომ ახლა იყო ის კრიტიკული ზღვარი, რომ საჭირო იყო, მადლობა გვეთქვა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა შავგულიძემ.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას პოზიციას, შავგულიძის თქმით, თავად ბოკერიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„ეს გიგას გადასაწყვეტია, ნანობს თუ არ ნანობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მორალური უფლებაა, მივიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მე არ ვარ „ევროპული საქართველოს“ პარტიის წევრი. პარტნიორები ვიყავით. ჩვენი პარტნიორობა გულისხმობდა იმას, რომ ვიქნებოდი სიის მეორე ნომერი, პარტიული კუთვნილების გარეშე. მე მაქვს ინდივიდუალური გადაწყვეტის ყველანაირი უფლება. ვიდრე ბოიკოტი გამართლებულად მიმაჩნდა, ბოიკოტს ვიზიარებდი, მაგრამ, როდესაც დავინახე, რომ ბოიკოტის გაგრძელება ჩვენი დასავლელი პარტნიორების განაწყენება და აშკარად გადამლაშება იქნებოდა; დავინახე, რომ ეს იქნებოდა დამაზიანებელი ქვეყნის ინტერესებისთვის, მივიღე ინდივიდუალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.