სეზონის პირველი სამმაგი დუბლი და პირველი 40-ქულიანი მატჩი - NBA-ის სათამაშო დღის საინტერესო ფაქტები
სეზონის პირველი სამმაგი დუბლი და პირველი 40-ქულიანი მატჩი - NBA-ის სათამაშო დღის საინტერესო ფაქტები

– იანის ანტენტოკუნმპომ „შარლოტის“ წინააღმდეგ მატჩში (113:112) 25 ქულა, 18 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დააგროვა.
ასე რომ, ბერძენი გახდა პირველი მოთამაშე ჩარლზ ბარკლის (1992 წელი) შემდეგ, ვინც სეზონის სასტარტო მატჩში 25-18-8 სტატისტიკური ხაზი დაიჭირა.

– „ჰიუსტონმა“ დაიწყო რეგულარული სეზონი წარუმატებლად – თავის მოედანზე დიდი ანგარიშით „ნიუ ორლეანთან“  დამარცხდა (112:131).
131 გაშვებული ქულა – თუ გავითვალისწინებთ შარშანდელი სეზონის ყველა მატჩს, „ჰიუსტონისთვის“ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. „როკეტსმა“ 76 ქულა სამწამიანი ზონიდან მიიღო და ესეც ბოლო ორი წლის ანტირეკორდია.

– „ინდიანამ“ და „ნიუ იორკმა“  რეგულარული ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს და თან საკლუბო რეკორდები დაამყარეს.
„ინდიანამ“ „მემფისი“ გაანადგურა (111:83) . სასტარტო მატჩში „+28“ სხვაობა „პეისერსს“ არასოდეს ჰქონია. წინა რეკორდი – „+27“ 1985 წელს, „ნიუ ჯერსის“ წინააღმდეგ დაფიქსირდა.
„ნიუ იორკი“ „ატლანტას“ დამაჯერებლად გაუმკლავდა (126:107). მეორე მეოთხედში „ნიქსმა“ 49 ქულა დააგროვა, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

– „შარლოტის“ გამთამაშებელმა – კემბა უოკერმ, „მილუოკის“ წინააღმდეგ 41 ქულა დააგროვა. სასტარტო მატჩში 41 ქულა – „ჰორნეტსისთვის“ საკლუბო რეკორდია.
გარდა ამისა, უოკერი ახალი სეზონის პირველი მოთამაშეა, რომელიც 40-ქულიან ზღვარს გადაცდა.

– სეზონში პირველი სამმაგი დუბლის ავტორი „ნიუ ორლეანის“ გამთამაშებელი – ელფრიდ პეიტონი გახდა – 10 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი.

– „ნიუ ორლეანის“ – ლიდერმა ენტონი დევისმა, „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ მატჩი – 32 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა . ასე რომ, დევისმა ზედიზედ მესამე სეზონის სასტარტო შეხვედრაში აიღო მინიმუმ 30 ქულა და 15 მოხსნა. ასეთი რამ 1962-64 წლებში უოლტ ბელამიმ შეძლო.