სეუტაში საპროტესტო აქცია გაიმართა, დემონსტრანტებმა მიგრანტების კარვებს ცეცხლი წაუკიდეს
ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრაციის კრიზისით გამოწვეული უკმაყოფილება გრძელდება. ასობით ადგილობრივმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს ხელში ესპანეთის დროშები ეჭირათ.
დემონსტრანტებმა წითელ ჯვარს სანაპიროზე დარჩენილი მიგრანტებისთვის საკვების დარიგების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „წითელი ჯვარი გარეთ!“ და „დეპორტაცია დამპყრობლებს!“.
მოგვიანებით, აქციის ათობით მონაწილემ პოლიციის კორდონი გაარღვია და მიგრანტების კარვებსა და პირად ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ათიათასობით მიგრანტმა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, მიგრანტების უმრავლესობა რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში მაროკოში დაბრუნდა. ამჟამად სეუტაში დაახლოებით 5 000 მიგრანტი იმყოფება.