სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა

11:17, 01.05.2019

მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებსაც მიმდინარე წლის 30 აპრილამდე 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ სასესხო-საკრედიტო ვალდებულებები ჰქონდათ, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენისთვის დადგენილი ვადა ამოიწურა.

ეროვნული ბანკის ცნობით, დოკუმენტაციის წარდგენის თავდაპირველი თარიღი ერთი თვით – 2019 წლის 30 აპრილამდე იყო გახანგრძლივებული.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პირთა საქმიანობა, რომელთაც ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის დოკუმენტები არ წარუდგენიათ და 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ ჯერ კიდევ აქვთ სასესხო-საკრედიტო მოთხოვნა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე განაცხადი 205 მეწარმე სუბიექტს აქვს წარდგენილი. აქედან რეგისტრაცია 145-მა სუბიექტმა უკვე გაიარა.

ინფორმაცია რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მსგავსი