სერხიო რამოსი არ თვლის, რომ მსაჯები „რეალ მადრიდის“ სასარგებლოდ ცდებიან
სერხიო რამოსი არ თვლის, რომ მსაჯები „რეალ მადრიდის“ სასარგებლოდ ცდებიან

„რეალ მადრიდის“ კაპიტანი სერხიო რამოსი „ბარსელონას“ მცველ ჟერარ პიკეს მიერ მსაჯების მიმართ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. კატალონიელთა ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არბიტრმა „რეალსა“ და „რეალ სოსიედადს“ შორის მატჩში შეცდომები დაუშვა და მადრიდელები სწორედ ამას უნდა უმადლოდნენ, დღეს რომ ლიდერები არიან.

„უცნაური არ არის, ჩვენს გარშემო რომ ამხელა ხმაურია ატეხილი. ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენ ლიდერები ვართ, მანამდე კი არავინ არაფერს ამბობს. არა მგონია, რომ მსაჯები ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ხალხს მოვუწოდებ, ნაკლები ილაპარაკონ ამაზე. რაც შეეხება ჩემს გოლებს, ეს არის ჯილდო სტაბილურობისა და ბევრი მუშაობისთვის“, – განაცხადა სერხიო რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ კაპიტანმა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში რეკორდი დაამყარა. ის გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მცველებს შორის. რამოსის ანგარიშზე ამჟამად 70 გოლია.