სერგი კაპანაძე - ველოდი, რომ გახარია ცოტა უფრო მომზადებული იქნებოდა და რიხიანი პასუხები ექნებოდა
სერგი კაპანაძე - ველოდი, რომ გახარია ცოტა უფრო მომზადებული იქნებოდა და რიხიანი პასუხები ექნებოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მასზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რომელმაც ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას პასუხი ვერ გასცა. როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, გიორგი გახარიას ახალქალაქის ინციდენტზე საერთოდ პასუხი არ აქვს და ვერც იმას ამბობს, რატომ არ მოხდა იმ ადამიანების დაკავება, ვინც ძალადობა ჩაიდინა.

„პირდაპირ პოლიტიკურ დევნას ამართლებს. გასაგებია, რომ დავალება აქვს მიღებული, მაგრამ ამას არგუმენტების გარეშე აკეთებს. ხორავას საქმესთან დაკავშირებით სრულიად გაუგებარი პასუხები გაგვცა. ერთი მხრივ, ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა, გაუგებარია, ეს გამოძიება ვინ უნდა დაიწყოს.

თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრია და ვის ელოდება, ვინ უნდა გამოიძიოს, სრულიად გაუგებარია. გიორგი გახარიამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ნამდვილად ველოდი, რომ ცოტა უფრო მომზადებული იქნებოდა და ცოტა უფრო რიხიანი პასუხები ექნებოდა.

როგორც ჩანს, ის პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ყველა ვხედავთ, რომელიც არსებობს, მართლაც სერიოზულია და ეს პირველ რიგში სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლასა და იმ მოუმზადებელ პასუხებზე აისახა, რომელიც დღეს მას ჰქონდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.