სერგი კაპანაძე - ის მოთხოვნა უნდა შენარჩუნდეს, რომელიც ახლა გვაქვს, აქციის ორგანიზატორებს არავინ კარნახობს პირობებს, არც მესამე პრეზიდენტი, არც რომელიმე პარტია
სერგი კაპანაძე - ის მოთხოვნა უნდა შენარჩუნდეს, რომელიც ახლა გვაქვს, აქციის ორგანიზატორებს არავინ კარნახობს პირობებს, არც მესამე პრეზიდენტი, არც რომელიმე პარტია

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ის მოთხოვნა უნდა შენარჩუნდეს, რომელიც ახლა აქვთ აქციის მონაწილეებს და აქციის ორგანიზატორებს არავინ კარნახობს პირობებს, არც მესამე პრეზიდენტი, არც რომელიმე პარტია. სერგი კაპანაძემ კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციის მოთხოვნები უნდა გაიზარდოს.

„მგონია, რომ ეს მოთხოვნა უნდა შენარჩუნდეს, რომელიც ახლა გვაქვს და ამ აქციის ორგანიზატორებს არავინ კარნახობს პირობებს, არც მესამე პრეზიდენტი, არც სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია. ეს არის მოთხოვნა, რომელიც აქვს გაბრაზებულ ხალხს და გაბრაზებულ ხალხს ახლა უნდა გახარიას გადადგომა.

ჩვენ მივაღწიეთ უკვე პროპორციულ სისტემას, ეს ახლა უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი და მერე უკვე პროპორციული წესით უნდა მოხდეს არჩევნები. ეს არჩევნები ვადამდელი იქნება თუ თავის დროზე, ეს არის მეორეხარისხოვანი. მნიშვნელოვანია, რომ პროპორციულად ჩატარდეს, ოღონდ მანამდე ადამიანი რომელმაც თვალები დათხარა ხალხს, უნდა წავიდეს სახლში“, – აცხადებს სერგი კაპანაძე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აქციაზე მყოფმა სანდრა რულოვსმაც ისაუბრა და აღნიშნა: „მგონი, აქციის მონაწილეები მოთხოვნებს დაამატებენ ცოტა ხანში, რადგან ივანიშვილის დანიშნული ხალხი ხომ ხედავთ, რომ ვერ აკეთებს საქმეს და უნდა შეიცვალოს მთლიანი მთავრობა, უნდა შეიცვალოს განლაგება პარლამენტში“. სანდრა რულოვსი ასევე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან ერთად მთავრობა უნდა შეიცვალოს, რაც, მისი თქმით, ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს.