სერგი კაპანაძე - 20 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია და ამ დისკუსიას მმართველი გუნდი ვერ გაექცევა
სერგი კაპანაძე - 20 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია და ამ დისკუსიას მმართველი გუნდი ვერ გაექცევა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანომ თავისი შეფასება უნდა გააკეთოს. როგორც საქართველოს პირველ არხს კაპანაძემ განუცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში, მმართველ გუნდს მოუწევს, რაც მოხდა, პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აიღოს, რადგან ეს მხოლოდ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა არ არის. მისი თქმით, გახარიას პასუხისმგებლობა იმ დღეებში იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა გუნდმა ხელი დააფარა, ეს უკვე „ქართული ოცნების“ მთელი გუნდის პასუხისმგებლობაა.

„მმართველი გუნდის ამოცანა იყო, რომ გახარია გაემართლებინათ და ბევრი სხვა დამნაშავე ეპოვათ. რა და როგორ მოხდა, ეს უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის და შეეცდება, თავისი გზავნილები კიდევ უფრო გააღრმავოს, მაგრამ რაც მოხდა, ნათელია.

სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაბრმავება მოჰყვა. ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია და ამ დისკუსიას მმართველი გუნდი ვერ გაექცევა.

ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გავრილოვის ჩამოსვლისთვის აიღო და მას პასუხისმგებლობა გავრილოვის ღამის მოწყობაზე არ აუღია, ისევე, როგორც ახალგაზრდებისთვის რეზინის ტყვიების სროლასა და მათ დაბრმავებაზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არც ერთ ადამიანს არ აუღია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.