სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მისი და დავით ზალკალიანის შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით შედგა

01:56, 28.09.2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მისი და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ ლავროვმა გაერო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც მან ითხოვა“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ზოგიერთი კომენტარი, რომელსაც ქართული მხარე ამ შეხვედრის შესახებ აკეთებს, ლავროვის თქმით, ღიმილისმომგვრელია.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.

მსგავსი