სენატორთა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუ ის არ დათანხმდება უკრაინასთან გრძელვადიან მშვიდობას
აშშ-ის კონგრესის სენატორთა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ ის არ დათანხმდება უკრაინასთან გრძელვადიან მშვიდობას.
აღნიშნულ წინადადებას მხარი დაუჭირა 50 კანონმდებლისგან შემდგარმა ჯგუფმა. ისინი დაეთანხმნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და დამატებით 500-პროცენტიანი ტარიფის დაწესებას იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს და სხვა პროდუქტებს. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ ომის დასრულების მცდელობები წინ არ წავა.
„შეერთებული შტატების სენატში დომინანტური აზრია, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია ახლა უნდა დასრულდეს და მომავალში უნდა შეფერხდეს“, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში, რომელიც რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრეჰემისა და დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.
სენატორები, რომლებიც ხელს აწერენ რუსეთის წინააღმდეგ პირველადი და მეორეული სანქციების დაწესებას, ასევე გამოხატავენ უკმაყოფილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ.
„ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპის იმედგაცრუებას რუსეთთან მიმართებით, როდესაც საქმე ეხება ცეცხლის შეწყვეტას. მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის სურვილს, მიაღწიოს ხანგრძლივ, სამართლიან და ღირსეულ მშვიდობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, სენატორებმა გამოთქვეს იმედი, რომ 2025 წელს დონალდ ტრამპი და მისი გუნდი შეძლებენ უკრაინაში ომის დასრულებას.
„ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მზადაა და სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე წარდგენის შემთხვევაში მიიღებს უდიდეს ორპარტიულ, ორპალატიან მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.