სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკი მოხარულია, იყოს საქართველოს, მისი მთავრობის, ხალხისა და ახლა უკვე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების პარტნიორიც
სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკი მოხარულია, იყოს საქართველოს, მისი მთავრობის, ხალხისა და ახლა უკვე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების პარტნიორიც

მსოფლიო ბანკი მოხარულია, იყოს საქართველოს, მისი მთავრობის, ხალხისა და ახლა უკვე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების პარტნიორიც, – აცხადებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.​

მოლინეუსი საუბრობს მსოფლიო ბანკის პროექტზე, რომელიც 85 მლნ ევროს გამოყოფს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მაქვს ვისაუბრო მსოფლიო ბანკის ახალი, 85 მლნ ევროს მოცულობის პროექტის შესახებ, რომლის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა, რომლებსაც განსაკუთრებულად მძიმე დარტყმა მიაყენა პანდემიამ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვენციას ამ მიმართულებით, რაც მსოფლიო ბანკის ფართო პაკეტის ნაწილია. პირველი ფაზის განმავლობაში, პანდემიის დაწყებისთანავე, მსოფლიო ბანკმა დაუყოვნებელი დახმარება გაუწია ქვეყანას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის გასაძლიერებლად. ასევე, ჩვენ მთავრობას აღმოვუჩინეთ საჭირო საბიუჯეტო მხარდაჭერა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და განვითარების მიმართულებით მომუშავე  სხვა პარტნიორებთან ერთად.

და ახლა, მეორე კრიტიკულ ფაზაში, კოვიდ შემთხვევების განახლებული ტალღის ფონზე, ფოკუსირებას ვახდენთ ვაქცინაციის ძალისხმევის მხარდაჭერის დამატებით დაფინანსებაზე და ასევე, 85 მლნ ევროს დაფინანსების მქონე პროექტზე,რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმარება.

განვიხილოთ თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ყურადღების გამახვილება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე? – ყველამ კარგად ვიცით, რომ აღნიშნული საწარმოები საქართველოს ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენენ: ისინი შეადგენენ აქტიური კომპანიების 99%-ს, ქმნიან სამუშაო ადგილების 64%-ს და დამატებითი ღირებულების 61%-ს. ამდენად, ცხადია ეკონომიკისთვის მათი მნიშვნელობა და ისინი აღდგენის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით წამყვან როლს შეასრულებენ პანდემიის შემდგომ პერიოდში.

პროექტი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება და დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს მოცვას გეგმავს. პირველი კომპონენტი ძირითადად მოკლევადიან ამოცანებზე იქნება ფოკუსირებული, ის გულისხმობს გრანტების გაცემას მიკროსაწარმოებზე, საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას მცირე ფირმებისთვის და შემდეგ საშუალო და მსხვილი საწარმოების მხარდაჭერას არსებული საკრედიტო გარანტიის სქემის ფარგლებში, რომლის ეფექტიანობის და ეფექტურობის ამაღლებასაც ვისახავთ მიზნად. და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს არის საკვანძო კომპონენტი, რომელიც აქტუალურია ყველა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოსთვის და რომელიც ფოკუსირებული იქნება კოვიდისგან დაცვის მექანიზმებზე და დიგიტალიზაციის მხარდაჭერაზე. ვიცით, რომ იმ საწარმოებში, რომლებიც ონლაინ საქმიანობაზე და ციფრულ რელსებზე გადადიან, რეალურად თვალსაჩინოა გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა.

მეორე ძირითადი კომპონენტი უმეტესწილად საშუალო და გრძელვადიანია, რომელიც ფოკუსირებული იქნება არსებული სწრაფი გადახდის სისტემების განახლებაზე, „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“(KYC) კონცეფციის ან მისი ასპექტის ციფრულ მხარდაჭერაზე, დაბოლოს, უზრუნველყოფილი ტრანზაქციების რეფორმის ხელშეწყობაზე, რომელიც განაპირობებს დაფინანსებასთან წვდომას საქართველოს ყველა საწარმოსთვის და მათ განვითარებას.

მსოფლიო ბანკი მოხარულია, იყოს საქართველოს, მისი მთავრობის და ხალხის და ახლა უკვე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების პარტნიორიც“, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.