სავარაუდო წყვილები, თარიღი და ფორმატი - ყველაფერი NBA-ის პლეი-ინ ტურნირის შესახებ #1TVSPORT
სავარაუდო წყვილები, თარიღი და ფორმატი - ყველაფერი NBA-ის პლეი-ინ ტურნირის შესახებ #1TVSPORT

2020-21 წლის სეზონის დაწყებამდე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ ტურნირის ფორმატთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი კი პლეი-ინ ტურნირის შექმნაა, რომელიც რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ოფების დაწყებამდე გაიმართება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარულის დამთავრებამდე თითქმის ყველა გუნდს 1 თამაში აქვს დარჩენილი, პლეი-ინის საგზურის მფლობელებიც სულ მალე გაირკვევა. ვინ იქნებიან მეტოქეები, უკვე პრაქტიკულად ცნობილია.

 

ფორმატი 

ტურნირი ორივე კონფერენციაში მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ადგილზე გასულ გუნდებს შორის ჩატარდება. შესაბამის კონფერენციაში მე-7 ადგილზე გასული გუნდი, ამავე კონფერენციაში მე-8 ადგილზე გასულს უმასპინძლებს, მე-9 კი მე-10-ს. 7/8 წყვილს შორის გამარჯვებული პლეი-ოფში ავტომატურად მე-7 ნომრად გადავა და ჩვეულებრივად, მე-2 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება. 7/8 წყვილს შორის დამარცხებულს კიდევ ერთი შანსი მიეცემა და 9/10 წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც გამარჯვების შემთხვევაშიც კი გუნდი პლეი-ოფში მე-8 ნომრად გადავა და შესაბამისად, კონფერენციის პირველადგილოსანს დაუპირისპირდება, 9/10 წყვილს შორის დამარცხებული კი NBA-ის შემდეგ სეზონამდე დაემშვიდობება.

 

სავარაუდო წყვილები

როგორც ვახსენეთ, რეგულარული სეზონის ამოწურვამდე თითქმის ყველა გუნდს 1 თამაში აქვს დარჩენილი. შესაბამისად, ვინ იქნებიან მეტოქეები თითქმის გარკვეულია. დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ინში თამაში გარანტირებული აქვს „მემფისს“, „გოლდენ სტეიტსა“ და „სან ანტონიოს“, მე-7 ადგილზე მყოფ „ლეიკერსს“ კი „პორტლენდისგადასწრების, მე-6 ადგილზე დაწინაურების და პირდაპირ პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს, რაც ბოლო შეხვედრებში გაირკვევა.

ლეიკერსი (7) – გოლდენ სტეიტი (8)

მემფისი (9) – სან ანტონიო (10)

აღმოსავლეთ კონფერენციაში შედარებით მარტივი სიტუაციაა. პლეი-ინში გასვლა გაინაღდა „ბოსტონმა“, „ინდიანამ“, „შარლოტმა“ და „ვაშინგტონმა. ბოლო ტურში კი უბრალოდ გაირკვევა ვინ რომელ ადგილზე გავა.

ბოსტონი (7) – შარლოტი (8)

ვაშინგტონი (9) – ინდიანა (10)

 

პლეი-ინ ტურნირი 18-21 მაისს გაიმართება. პლეი-ოფები კი 22 მაისიდან დაიწყება.