სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა – ბოლო დღის ყველა გარიგება #1TVSPORT
ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის ბოლო დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა და პრემიერლიგის სატრანსფერო რეკორდიც დამყარდა.
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის ყველა გარიგება:
* 20 წლის ფორვარდი მარკ გიუ „ჩელსიდან“ „ლაიპციგში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა და 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. შარშან ესპანელს მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა პრემიერლიგაში.
* „ჩელსიმ“ „ატალანტადან“ 47 მილიონ ევროდ შეიძინა 18 წლის იტალიელი მცველი ონესტ აჰანორი. ამ სეზონს ფეხბურთელი იჯარით „კრისტალ პალასში“ გაატარებს.
* „ასტონ ვილამ“ „საუთჰემპტონიდან“ 30 მილიონ ფუნტად შეიძინა ცენტრალური მცველი ტეილორ ჰარვუდ-ბელისი. 24 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია და პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.
* მუსა დიაბი სამწლიანი პაუზის შემდეგ „ლევერკუზენში“ დაბრუნდა. გერმანულმა კლუბმა 27 წლის ნახევარმცველში 30 მილიონი გადაუხადა „ალ-იტიჰადს“, რომელშიც ფეხბურთელმა ბოლო ორი სეზონი გაატარა.
* „ნიუკასლმა“ 21 წლის ბელგიელი ფორვარდი მატიას ფერნანდეს პარდო „ლილიდან“ 51 მილიონ ფუნტად შეიძინა. შარშან მატიასმა ლიგა 1-ში რვა გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებში რამდენიმე წუთი ითამაშა.
* თავის მხრივ, „ლილმა“ „ზალცბურგიდან“ ნახევარმცველი მაურიტს კიერგორი 8 მილიონ ევროდ შეიძინა. ავსტრიულ გუნდში დანიელის სტატისტიკა შთამბეჭდავია: 136 მატჩი, 19 გოლი, 33 შედეგიანი გადაცემა.
* სენეგალელი ნახევარმცველი პაპ მატარ სარი იჯარით ერთ სეზონს „იუვენტუსში“ გაატარებს. სადაც „ტოტენჰემიდან“ გადავიდა.
* „ბაიერნის“ 20 წლის გარემარბი არიონ იბრაჰიმოვიჩი „აუგსბურგში“ იჯარით გადავიდა.
* „ლივერპულის“ ნახევარმცველი ჰარვი ელიოტი ზედიზედ მეორე სეზონს ითამაშებს იჯარით. „ასტონ ვილაში“ წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ამჯერად ის „ვალენსიას“ შეუერთდა.
* „ნიცამ“ იჯარით აიყვანა „ვოლფსბურგის“ საუკეთესო ბომბარდირი მოჰამედ ამურა. 26 წლის ფორვარდმა ალჟირის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
* „კომომ“ „ფიორენტინადან“ იჯარით აიყვანა იტალიის ნაკრების 26 წლის ფორვარდი მოიზე კინი. გარიგებაში გათვალისწინებულია აუცილებელი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ.
* „კომომ“ ასევე ერთწლიანი იჯარით აიყვანა „ჩელსის“ მეკარე რობერტ სანჩესი.
* „ფიორენტინამ“ „ევერტონიდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა 28 წლის ფორვარდი ბეტუ, რომელიც ადრე „უდინეზეში“ თამაშობდა და სერია A-ში ორჯერ სეზონში +10 გოლი გაიტანა. შარშან ბეტუ ცხრა გოლით „ევერტონის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო.
* ოფიციალურად დადასტურდა იჯარის წესით ჯონათან დევიდის „იუვენტუსიდან“ „ატლეტიკოში“ გადასვლა. ესპანურ კლუბს კანადელის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
* „დორტმუნდმა“ „არსენალიდან“ იჯარის წესით გაიფორმა ნახევარმცველი ითან ნვანერი. გერმანეულმა კლუბმა, რომელსაც ინგლისელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება, ამ გარიგებაში 5 მილიონი ევრო გადაიხადა.
* ხორვატიის ნაკრების მცველი ბორნა სოსა „კრისტალ პალასიდან“ იჯარით „კიოლნში“ წავიდა. მას აქვს „შტუტგარტის“ რიგებში ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება.
* „მანჩესტერ სიტის“ ახალწვეული გახდა სენეგალის ნაკრების 26 წლის გარემარბი ილიმან ნდიაიე. მასში „ქალაქელებმა“ „ევერტონს“ 70 მილიონი ევრო გადაუხადეს. შარშან მას პრემიერლიგის 32 მატჩში ექვსი გოლი და სამი პასი ჰქონდა, მსოფლიო ჩემპიონატზე სამ მატჩში გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
* „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ჯეკ გრილიში ზედიზედ მეორე სეზონი იჯარით „ევერტონში“ ითამაშებს.
* „ატლეტიკომ“ 30 წლის ბიენვენიდო ლემარი იჯარით „ელჩეში“ გაუშვა.
* ლა ლიგაში დაბრუნებულმა „დეპორტივომ“ ორი ფეხბურთელი აიყვანა იჯარით – მარკ კასადო „ბარსელონადან“ და ხოსე მარია ხიმენესი „ატლეტიკოდან“.
* ბენ ჩილუელი თავისუფალი აგენტის სტატუსით „სტრასბურიდან“ „კრისტალ პალასში“ გადავიდა. ამ გუნდთან ერთად 2025 წელს მან ინგლისის თასი მოიგო.
* „მილანმა“ იუსუფ ფოფანა იჯარით „სევილიაში“ გაუშვა.
* „ლიონის“ გარემარბი მალიკ ფოფანა „სანდერლენდში“ გადავიდა.
* „ნიუკასლის“ ფორვარდი ნიკ ვოლტემადე იჯარის წესით „იუვენტუსში“ გადავიდა. ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში
* „ტოტენჰემმა“ იჯარით აიყვანა „ჩელსის“ ფორვარდი მიხაილო მუდრიკი. იჯარა იმოქმედებს 2026-27 წლების სეზონის ბოლომდე, რის შემდეგაც „ტოტენჰემს“ ექნება 25 წლის უკრაინელის 75 მილიონ ფუნტად არააუცილებელი გამოსყიდვის უფლება.
* იბრაიმ მბაიე „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი გახდა. „პარი სენ-ჟერმენის“ 18 წლის გარემარბი ბირმინგემულ კლუბს 55 მილიონი ევრო დაუჯდა.
* „ბარსელონამ“ გამოაცხადა გაბრიელ ჟესუსის გაფორმების შესახებ. 29 წლის ბრაზილიელი ფორვარდი კატალონურ კლუბში „არსენალიდან“ გადავიდა და 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
* „მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ჩელსის“ ნახევარმცველის ენცო ფერნანდესის ტრანსფერის შესახებ. „სიტიმ“ 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 125 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რითაც პრემიერლიგის სატრანსფერო რეკორდი გაიმეორა.