მწვრთნელ საშა ბაინთან დაშორების შემდეგ ნაომი ოსაკამ პირველივე მატჩი უშანსოდ წააგო.
ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულმა 21 წლის სპორტსმენმა დუბაის პირველობის მეორე რაუნდში ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან 3-6, 3-6 დათმო, მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე კი განაცხადა, რომ ამის მიზეზი სწორედ მწვრთნელთან დაშორებაზე საზოგადოების რეაქცია გახდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ამაზე საუბარს შეწყვეტთ“, – მიმართა ოსაკამ ჩოგბურთის გულშემატკივრებს, – „დღესდღეობით, თუ არ ვცდები, ეს ყველაზე დიდი საჩოგბურთო ახალი ამბავია. ეს ცოტა რთულია, რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხალხი ჩემზეა მოშტერებული. თან, არც თუ სასიამოვნო გაგებით“.