ნაომი ოსაკამ მწვრთნელთან დაშორების მიზეზებზე ისაუბრა
ნაომი ოსაკამ მწვრთნელთან დაშორების მიზეზებზე ისაუბრა

მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგანის, ნაომი ოსაკას თქმით, მწვრთნელ საშა ბაინთან დაშორების მიზეზი ის არის, რომ საკუთარი ბედნიერების გაწირვა არ სურს.

ბაინთან კავშირი ოსაკამ ავსტრალიის ღია პირველობის მოგებიდან ორ კვირაში გაწყვიტა, თუმცა განაცხადა, რომ პრობლემა ფულთან დაკავშირებული არ იყო.

„ყველა ფიქრობს, რომ ფულის ამბავია, მაგრამ ასე არ არის“, – აცხადებს ოსაკა. – „მხოლოდ იმისთვის, რომ რომელიმე ადამიანი გვერდით მყავდეს, წარმატებას პირად ბედნიერებაზე მაღლა არასოდეს დავაყენებ“.

21 წლის ოსაკამ ბაინთან წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა და ამ პერიოდში 72-ე ადგილიდან კლასიფიკაციის სათავემდე აღზევდა.

„მე ვფიქრობ, ზოგიერთმა ადამიანმა შეამჩნია კიდეც, როგორი ურთიერთობა იყო ჩვენს შორის ავსტრალიის ღია პირველობის დროს. მე მასზე ცუდს არაფერს ვიტყვი, რადგან მისი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა. ავსტრალიის ღია პირველობის დროს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ეს უნდა გადამელახა. დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენც შეამჩნიეთ ეს ყველაფერი“, – ამბობს ოსაკა.

აღსანიშნავია, რომ საშა ბაინი ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და წარსულში ისეთ სპორტსმენებთან მუშაობდა, როგორებიც არიან სერენა უილიამსი, ვიქტორია აზარენკა და კაროლინა ვოზნიაცკი.