სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ პროცესზე შესავალი სიტყვა წარადგინა.

„დღეს დაიწყო არსებითი განხილვა ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე და შესაბამისად, ბრალდების მხარემ წარადგინა შესავალი სიტყვა. ჩვენ მიმოვიხილეთ საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულება და ამასთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის მართლზომიერების საკითხი. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და პოზიცია – ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია დაახლოებით 150 მოწმის გამოკითხვის ოქმი, რომელთა დაკითხვა მოხდება საქმეზე არსებითი განხილვისას. ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ათეულობით წერილობითი მტკიცებულება და ვიდეოჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები. მას შემდგომ, რაც გამოკვლეული იქნება ყველა მტკიცებულება, წარვადგენთ დასკვნით სიტყვას და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების გამოკვლევას მოვახდენთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნება ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

დანაშაული 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ანა კოტეტიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ თავის შესავალ სიტყვაში მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ წარადგინა.

„პროკურატურამ ვერ მიუთითა ვერც წერილობით მტკიცებულებაზე და ვერც კონკრეტულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც წარდგენილი ბრალის დადასტურებაში გამოდგებოდნენ. შესაბამისად, დაცვის მხარემ საბოლოოდ მოისმინა ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა, თუ კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აპირებს ბრალდება გამამტყუნებელი განაჩენისთვის ბრძოლას. შესაბამისად, მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განგიცხადოთ, რომ ბრალდების მხარემ ნამდვილად ვერ შეძლო იმ კონკრეტული მტკიცებულებების მითითებაზე, რომელიც საკმარისი გახდება გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად.

ჩვენებები არის ყველა ირიბი და წერილობით მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, მით უმეტეს, ნივთიერი მტკიცებულება ბასრ იარაღთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენ უბრალოდ, დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და ეს გახდა სასამართლოსთვის უარის თქმის მიზეზი. გირაო იყო 7 000 ლარის ოდენობით. მომდევნო პროცესი 5 აგვისტოს გაიმართება, სადაც წარვადგენთ შესავალ სიტყვას მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელიც უალტერნატივო გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდება“, – განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დატოვე კომენტარი