სარაგბო ლეგიონი | ჩილაჩავას ლელო, აბჟანდაძის 17 ქულა, აფრასიძის დაბრუნება და ნინიაშვილის კარგი სტატისტიკა [ვიდეო]#1TVSPORT

გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-9 ტური გაიმართა, სადაც ქართველმა ლეგიონერებმა შედეგიანი თამაშები ჩაატარეს.

 

ტულონი – ბიარიცი 13:9

ტური „ტულონისა“ და „ბიარიცის“ თამაშით გაიხსნა, სადაც ბექა გიგაშვილი „ტულონის“, ხოლო ლუკა აზარიაშვილი „ბიარიცის“ შემადგენლობაში იყო. ნუცუბიძე და ჯალაღონია კი 65 წუთზე ჩაერთვნენ „ბიარიცის“ რიგებში. გიგაშვილმა 68 წუთი, აზარიაშვილმა კი 65 ითამაშა. მატჩი „ტულონის“ გამარჯვებით – 13:9 დასრულდა.

 

კასტრი – ბრივი 23:22

კასტრისა“ და „ბრივის“ შეხვედრა ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო საინტერესო გამოდგა.

ლევან ჩილაჩავამ 28-ე წუთზე ლელო მიითვალა და „კასტრი“ დააწინაურა. „ბრივის“ მხრიდან თავი თედო აბჟანდაძემ 17 ქულით გამოიჩინა. შესრულებული 7 დარტყმიდან მხოლოდ 1 გაუცუდდა, „ბრივმა“ კი თამაში მინიმალური სხვაობით 22:23 დათმო.

ბრივის სასტარტოში თედოს გარდა ჯაფარიძე, გიორგაძე და ლობჟანიძეც იყვნენ, მე-40 წუთზე კი კარკაძეც შეუერთდა მათ რიგებს.

 

პო – სტად ფრანსე 18:9

ბექა გორგაძემ „პოს“ შემადგენლობაში 80 წუთი ითამაშა, გიორგი მელიქიძემ კი პარიზელთა რიგები 50-ე წუთზე დატოვა. გორგაძის გუნდმა 18:9 მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

 

პერპინიონი – ლა როშელი 22:13

პერპინიონის“ რიგებში დავით ქუბრიაშვილი 62-ე წუთიდან გამოჩნდა. გურამ პაპიძემ კი „ლა როშელის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 42-ე წუთზე შეცვალეს.

 

მონპელიე – ლიონი 30:8

კასტრისა“ და „ბრივის“ შეხვედრაზე არანაკლებ საინტერესო გამოდგა „მონპელიესა“ და „ლიონის“ დაპირისპირება.

გელა აფრასიძე ერთთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, „მონპელიეს“ მარქაფაში მასთან ერთად იყო მიშა ნარიაშვილი. „ლიონის“ ქართველი ლეგიონერებიდან კი ორივე სასტარტოში იწყებდა: ერთტურიანი დასვენების შემდეგ ბექა საღინაძე კუთვნილ მესამე ხაზს დაუბრუნდა, ნინიაშვილი კი ზედიზედ მეორე მატჩია სასტარტო თხუთმეტეულში იწყებს და შეუცვლელად თამაშობს.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში სრულიად „მონპელიეს“ უპირატესობით მიმდინარეობდა, ნინიაშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი მეორე ტაიმში ყვითელი ბარათითაც დასაჯეს გელა აფრასიძესთან დაჯარიმებისთვის. მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

ბურთით ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი, 92 მეტრი ირბინა, ერთი სუფთა გარღვევაც ჰქონდა, მოედანზე ყველაზე მეტ მოთამაშეს ის გასცდა – 8, მის შემდეგ კი გელა აფრასიძე იყო ამ ჩამონათვალში – 6,1 ოფლოუდი და 4 ბოჭვა, ისე რომ არც ერთი გაუფუჭებია. ჰაერში კარგ თამაშსაც შეგვაჩვია და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ აქაც უნაკლო იყო. რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა საერთო ჯამში პოზიტიურად უნდა შევაფასოთ მისი თამაში.

ნარიაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო გელა აფრასიძე კი 51-ე წუთიდან. გელას ერთთვიანი უქმობა არ შეტყობია, სალელოვე შანსიც შექმნა და რომ არა ნინიაშვილის მიერ აღებული ჯარიმა, რომელსაც მაინც მოჰყვა ტექნიკური ლელო და გარემარბის გაძევება, საკუთარ ანგარიშზე ლელოს მიითვლიდა. მატჩი 30:8 „მონპელიეს“ გამარჯვებით დასრულდა.

 

ბორდო – კლერმონი 25:9

„ბორდოს“ რიგებში ლექსო ყაულაშვილმა 48 წუთი ითამაშა და მისმა გუნდმა სახლში 25:9 კლერმონის დამარცხება ბონუს ქულით მოახერხა.

 

რასინგი – ტულუზა 27:18

რასინგმა“ „ტულუზა“ მიიღო, ქართველი ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი თხუთმეტეულში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. პარიზელებმა 27:18 გაიმარჯვეს.

ცხრილის სათავეში 33 ქულით „ბორდოა“, კვალდაკვალ 31 ქულით „ტულუზა“ მიჰყვება, „პერპინიონი – მე-13, „ბიარითზი“ – მე-14. ეს გუნდები 9 თამაშში 14-14 ქულით გადარჩენისთვის იბრძვიან.