საქსტატი - 2021 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ 52.5 მლნ ლარის პროდუქციაა რეალიზებული
საქსტატი - 2021 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ 52.5 მლნ ლარის პროდუქციაა რეალიზებული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.0 პროცენტი – ქვემო ქართლში, 16.0 პროცენტი – კახეთში, 14.0 პროცენტი – იმერეთში, 12.0 პროცენტი – შიდა ქართლში, 12.0 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 83.6 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 33.0 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 67.0 პროცენტი-წვრილფეხა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 678.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2021 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში 9 174.9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 32.7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.4 პროცენტი – ფრინველის, 24.4 პროცენტი – ღორის, 1.3 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

მომსახურება გაეწია 7.7 ათას პირს, საიდანაც 28.9 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 837 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 30.0 ლარი, ცხვრის ან თხის – 14.2 ლარი, ხოლო ღორის – 26.5 ლარი.

ამასთან, უწყების მონაცემებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 127 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც, 49.6 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში – 13.4 პროცენტი, თბილისში – 10.2 პროცენტი, ქვემო ქართლის – 7.9 პროცენტი, აჭარის – 7.1 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის – 5.5 პროცენტი, იმერეთის – 3.9 პროცენტი, მცხეთა-მთიანეთის – 1.6 პროცენტი და გურიის – 0.8 პროცენტი რეგიონებში.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 299 მომხმარებელს, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1263 კაცით განისაზღვრა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული იყო 52.6 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 52.7 პროცენტი ქათმის ხორცი – გაყინულის ჩათვლით, 17.3 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 13.7 პროცენტი ხორცი და ხორცპროდუქტები – ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, 8.4 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

უწყების მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 52.5 მლნ. ლარის ღირებულების 10.4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 28.0 პროცენტი, ადგილობრივი წარმოების პროდუქციამ კი 47.1 პროცენტი. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 68.8 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე.

სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.