საქსტატი - 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 10.1 პროცენტით გაიზარდა და 1 202 ლარი შეადგინა
საქსტატი - 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 10.1 პროცენტით გაიზარდა და 1 202 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1 პროცენტით (110.0 ლარით) გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 887.9 ლარი (წლიური ზრდა 7.8 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 794.8 ლარი (წლიური ზრდა -0.2 პროცენტი); მშენებლობა – 1 703.0 ლარი (წლიური ზრდა 9.5 პროცენტი);
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო მამაკაცების – 1 423.9 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 84.3 და 129.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, მამაკაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 75.2 ლარით გაიზარდა და 1 227.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 046.4 ლარი, წლიური ზრდა -0.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (1 922.0 ლარი, წლიური ზრდა 8.2 პროცენტი) დარგებში ფიქსირდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 168.1 ლარით და 1 161.2 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე, სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს.