საქართველოსთან შეჩერებული ​ავიამიმოსვლის გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა მილიონობით რუბლი იზარალეს, ისინი კომპენსაციას ითხოვენ
საქართველოსთან შეჩერებული ​ავიამიმოსვლის გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა მილიონობით რუბლი იზარალეს, ისინი კომპენსაციას ითხოვენ

საქართველოსთან გაუქმებული ავიამიმოსვლის შედეგად, რუსულმა ავიაკომპანიებმა მილიონობით რუბლის ოდენობით ზარალი ნახეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, რუსულმა ავიაკომპანია „პაბედამ“ ტრანსპორტის სამინისტროს წერილობით მიმართა, განისაზღვროს ვადები, თუ როდის შეძლებს კომპანია საქართველოსთან შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო კომპენსაციის მიღებას. გამოცემა „კომერსანტს“ ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ „პაბედამ“ 500 მილიონამდე რუბლის ზარალი მიიღო.

ავიამიმოსვლის შეჩერებამდე, ბათუმსა და თბილისში ავიარეისებს, „პაბედას“ გარდა, „აეროფლოტი“, „S7“, „ურალის ავიახაზები“, „რედ ვინგსი“ და „სმარტავია“ ახორციელებდნენ. როგორც „S7“-ში აცხადებენ, კომპანიამ 600 მილიონამდე რუბლის ოდენობით ზარალი ნახა. კომპანია „რედ ვინგსმა“ კი, სულ მცირე, 200 მილიონი რუბლით იზარალა.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივნისს შეაჩერა. მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. ინციდენტს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია და პარლამენტის სპიკერის გადადგომა მოჰყვა.