საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა #1TVSPORT
საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა #1TVSPORT

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რაც 1948 წლიდან აღინიშნება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში 1994 წლიდან მოყოლებული იმართება ამ დღესთან მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ლიცენზიატთა სპეციალურ დაფაზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატმა სპორტსმენებმა ხელი მოაწერეს. ამას გარდა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს ოლიმპიური პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები – სოსო ლიპარტელიანი, ლიანა ცოტაძე, გურამ ძაგანია, ჯონი ცივაძე, რუსლან ჯაოშვილი.

ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოლიმპიურ პარკში სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალურმა ორგანიზაციამ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, სასკოლო ასაკის ბავშვთა შორის ოლიმპიური გარბენი მოაწყო. გარბენი ჩატარდა ორ ჯგუფად – ბიჭებსა და გოგონებს შორის. გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური.