საქართველოში „რაინეარის“ შემოსვლასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა
საქართველოში „რაინეარის“ შემოსვლასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „რაინეარმა“ (Ryanair) საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. ნოემბრიდან პირდაპირი ავიარეისები მილანიდან (ბერგამო) თბილისის მიმართულებით სრულდება.

საქართველოს ავიაბაზარზე „რაინეარის“ შემოსვლასთან დაკავშირებით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი და მოადგილე თეა ზაქარაძე, ასევე Ryanair-ის კომუნიკაციების მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ოლგა პავლონკა დაესწრნენ.

საქართველოს დედაქალაქიდან მილანის მიმართულებით ამ დრომდე პირდაპირი რეისები არ სრულდება. საქართველოდან მილანში მოხვედრა ამ ეტაპისთვის მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან არის შესაძლებელი. „რაინეარმა“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება მარსელის მიმართულებით გუშინ დაიწყო. ხვალ კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება და ორივე მიმართულებით რეისებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით მილანში იფრენს. ხოლო 2020 წლის აპრილიდან პირდაპირი რეისების შესრულება კვირაში ორჯერ კელნი-თბილისის მიმართულებით დაიწყება.