საქართველოს თასის ფინალში „ოლიმპს“ „ქუთაისი“ შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ორივე ფინალისტი ცნობილია – „ოლიმპის“ შემდეგ ფინალის საგზური „ქუთაისმა“ მოიპოვა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა „ცხუმ-აფხაზეთს“ 78:62 სძლია.

ქუთაისელებმა შეხვედრა თავიდან ბოლომდე სტაბილურად ჩაატარეს, მესამე პერიოდში 15-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და მეტოქისთვის თამაშის შემოტრიალების შანსი აღარ მიუციათ.

„ცხუმ-აფხაზეთის“ კალათბურთელებს გაუჭირდათ კაბოვერდელი ჯოელ ალმეიდას შეჩერება, რომელმაც 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 28 ქულით დაასრულა. ორმაგ დუბლს მიუახლოვდა „ქუთაისის“ წინახაზელი აკაკი დვალიშვილი – 18 ქულა, 8 მოხსნა. „ცხუმ-აფხაზეთში“ 15 ქულითა და 8 მოხსნით ალექსანდრე ფევაძე გამოირჩა.

ფინალში, რომელიც 27 აპრილს გაიმართება, „ქუთაისი“ და „ოლიმპი“ ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ოლიმპელებმა ნახევარფინალში „რუსთავს“ სძლიეს.

მატჩის სტრიმის ხილვის საშუალება პირველი არხი სპორტის youtube-ის გვერდზე გექნებათ.