საქართველოს პირველი გამარჯვება ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე (ფოტო+ვიდეო) | ხელბურთი

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში ტარდება, საქართველომ მეორე შეხვედრა გამართა. ტურნირის მასპინძლის მეტოქე ბელარუსიის ნაკრები იყო.

ბელარუსმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საბერძნეთი ათ ბურთიანი სხვაობით დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა, თუმცა მათ მოწინავე პოზიცია მასპინძლებთან შეხვედრის შემდეგ დაკარგეს.

საქართველომ პირველ ტურში მოპოვებულ ფრეს (საქართველო 25-25 ფინეთი) ბევრისთვის მოულოდნელი გამარჯვება შემატა და სამი ქულით „ბ“ ჯგუფის სათავეში მოექცა.

ბელარუსიასთან მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა  4 ბურთიანი უპირატესობით 14-10 მოიგეს.

მეორე ტაიმის სტარტზე ქართველი ხელბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მეტოქეს ათი ბურთითაც გაასწრეს, მაგრამ შემდეგ თითქოს მოდუნდნენ და მეტოქეს შეხვედრაში დაბრუნების საშუალება მისცეს.

საბოლოო ჯამში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და მეტოქე 32-24 დაამარცხა.

გუნდის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც ბელარუსს 20 გოლი გაუტანა.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი