საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანშიც დაამარცხა - ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ფუტსალში [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანშიც დაამარცხა - ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ფუტსალში [ვიდეო] #1TVSPORT

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები სომხეთს ერევანში დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე დაამარცხა – 3:2.

სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მეორე შეხვედრისთვის საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ნატურალიზებული მოთამაშე დაემატა. ავთანდილ ასათიანის გუნდს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე ბარსელონას „სალა გარსიას“ თავდამსხმელი ბრუნო პეტრი შეუერთდა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში აგრესიულად დაიწყო, ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა და სომხეთის ნაკრები გადარჩა.

მე-6 წუთზე ნიკა კურტანიძემ ანგარიში მაინც გახსნა – მან მეკარეს შორეულ კუთხეში ძლიერად დაურტყა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა. გავიდა სამი წუთი და სომხეთის კარი უკვე ბინიომ აიღო და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა 2:0.

ამის შემდეგ სომხებმა დიდი ძალებით შეუტიეს და გარეგინ მაშუმიანმა სხვაობა შეამცირა, მეორე ნახევარში კი დენის ნევედროვმა ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მაგრამ სულ რაღაც ორ წუთში რონინიომ დასარტმელ პოზიციაზე ელისანდრო გაიყვანა, რომელმაც ძალიან ეფექტური დარტყმით საქართველოს ნაკრები ისევ დააწინაურა 3:2.

ამის შემდეგ ჩვენს გუნდს უპირატესობის გაზრდის ორი რეალური შანსი მიეცა, მაგრამ არჩილ სებისკვერაძემ და თალესმა ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს, ალექსანდროს მორიგი შეტევის შემდეგ სომხეთის ნაკრები ძელმა იხსნა. მასპინძლებმა ბოლო წუთებზე შეტევა გააძლიერეს და საქართველოს ნაკრები მეკარე ზვიად კუპატაძემ რამდენჯერმე გადაარჩინა – მან მატჩის დროს 16 სეივი განახორციელა. საბოლოოდ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის „ჰაილაითები“:

სომხეთი – საქართველო 2:3

გოლები 0:1 კურტანიძე (6), 02 ბინიო (9), 1:2 გარეგინ მაშუმიანი (12), 2:2 ნევედროვი (21), 2:3 ელისანდრო (23)

საქართველო: კუპატაძე – რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ელისანდრო – ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ბინიო, ბრუნო პეტრი

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. ლიდერობს რუსეთი (12 ქულა), მეამეზე საფრანგეთია (2), მეოთხეზე კი სომხეთი (1). შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 აპრილს თბილისში საფრანგეთს ნაკრებთან გამართავს და მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.