საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია 18 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია 18 დეკემბერს გაიმართება

18  დეკემბერს, 16:30 საათზე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქუჩა №20) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.

სესიას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები.

დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ სესიის დელეგატებს  ინფორმაციას წარუდგენს სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ტოკიო-2020-ზე ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი  ელგუჯა ბერიშვილი.

სესიის პროგრამა იქნება ინფორმაციულად  დატვირთული და ვიზუალურად საინტერესო.

სეოკ-ის საანგარიშო სესიის დასრულების შემდეგ გაიმართება 2019 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია. ნომინაციების მიხედვით გამოვლინდებიან საუკეთესოები – წლის სპორტსმენი ქალი, წლის სპორტსმენი (სპორტსმენები) სპორტის ზამთრის სახეობაში, წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი (ვაჟი), წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი (გოგონა), წლის ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში, წლის მწვრთნელი, ქალთა სპორტში დასაქმებული წლის საუკეთესო მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი, წლის რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერი.

დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე დასახელდება 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს – 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს.

ნომინაციაში 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი  წარდგენილნი არიან : ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე , გენო პეტრიაშვილი და  ლუხუმ ჩხვიმიანი.