საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებს. ასევე, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საქმეში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ აქტივობებს, რაც ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო ეფექტურსა და ურთიერთსასარგელოს გახდის.

მინისტრმა წარმატება უსურვა ელჩს მის მომავალ საქმიანობაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული იერუსალიმში იგალ ამედი.

საქართველოს ელჩმა მინისტრთან შეხვედრამდე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.