საქართველოს ავიაბაზარზე „ეარ მალტა“ იწყებს ოპერირებას
საქართველოს ავიაბაზარზე „ეარ მალტა“ იწყებს ოპერირებას

საქართველოს ავიაბაზარზე 4 ივლისიდან ავიაკომპანია „ეარ მალტა“ (AIR MALTA) იწყებს ოპერირებას. რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს, „ეარბას A 320“ ტიპის თვითმფრინავით შესრულდება.

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით 16 მაისს, 11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ავიაკომპანიის წარმომადგენლები და საქართველოში „ეარ მალტას“ კომერციული წარმომადგენელი – „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ ვიცე-თავმჯდომარე ზურაბ შარაშენიძე. ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის. სწორედ მსგავსი აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარს „ეარ მალტას“ სახით კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შეფასებით, პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.