საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023 პორტუგალიასთან გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ეფექტური გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ გამართა და 2:0 მოიგო.
პორტუგალიელები თამაშს აკონტროლებდნენ და უფრო მწვავედ უტევდნენ. რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში ძალიან ფრთხილად დაიწყო და პირველ ნახევარში მხოლოდ ორი მომენტი შექმნა – ისიც ტაიმის მიწურულს. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა ორივე შანსი გოლად აქცია.
წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ გაგუამ მცველს წამიერი დაბნეულობა არ აპატია, კარს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა – 1:0. ტაიმის ბოლოს კი წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ მეტოქის კართან საზონოვი გაიხსნა და შესვენებამდე საქართველოს ნაკრები კომფორტული უპირატესობით დააწინაურა – 2:0.
მეორე ტაიმი პორტუგალიელებმა აგრესიულად დაიწყეს და ანგარიშის შემცირება სცადეს. ამ დროს სვანაძემ ეროვნული გუნდიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი შემოიყვანა. მოგვიანებით თამაშში დავითაშვილიც ჩართო. ამ სვლამ გაამართა. შეტევებში გოჩოლეიშვილიც აქტიურად ერთვებოდა და საქართველოს ნაკრების იერიშები კიდევ უფრო მწვავე გახდა.

გოლები: 1:0 გაგუა (37. წიტაიშვილის პასით), 2:0 საზონოვი (45+1. წიტაიშვილის პასით)