საქართველო კოსოვოს მხარის წინააღმდეგ - საფეხბურთო დაპირისპირება საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველო კოსოვოს მხარის წინააღმდეგ - საფეხბურთო დაპირისპირება საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

ქართველი გულშემატკივრების ყურადღება დღეს პრიშტინასკენ არის მიპყრობილი – საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე მატჩს გასვლაზე კოსოვოს მხარესთან გამართავს.

მატჩი პრიშტინას ფადილ ვოკრის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო კოსოვოს წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. საბერძნეთთან მიღებული ტრავმის გამო კი, გუნდს ვერც გიორგი მიქაუტაძე დაეხმარება. გამოირიცხა გიორგი ჩაკვეტაძის თამაშიც. „გენტის“ ქართველმა შემტევმა ნაკრებთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.

კოსოვოს ნაკრებმა საქართველოსთან დაპირისპირებამდე ბოლო ვარჯიში პრიშტინას „ფადილ ვოკრიზე“ გამართა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარდ შალანდიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ყველა ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ, მათ შორის გიორგი ბერიძის თანაგუნდელი, უნგრული „უიპეშტის“ მარჯვენა მცველი ლირიმ კასტრატი, რომელმაც შვედეთის ნაკრებთან ბოლო მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

შეხვედრას პოლონელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება. მთავარ არბიტრი პაველ რაჩკოვსკია, რომელსაც ხაზის მსაჯების რანგში დაეხმარებიან რადოსლავ შეიკა და ადამ კუპსიკი, მეოთხე არბიტრად კი ტომაშ მუსიალი იმუშავებს. რაც შეეხება ვიდეორეფერის, უეფა-მ შეხვედრაზე ასევე პოლონელების ბრიგადა დანიშნა – მსაჯის ვიდეოასისტენტი ტომაშ კვიატკოვსკიაა, რომელსაც კშიშტოფ იაკუბიკი დაეხმარება.

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს, პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.