საპენსიო ფონდის მოცულობამ 100 მილიონ ლარს მიაღწია
საპენსიო ფონდის მოცულობამ 100 მილიონ ლარს მიაღწია

საპენსიო ფონდის მოცულობამ 100 მილიონ ლარს მიაღწია. ამის შესახებ პირველ არხს საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.

თანხების ნაწილი ამ დროისთვის კომერციული ბანკების დეპოზიტებზეა განთავსებული, ნაწილი კი ეროვნული ბანკის ანგარიშზე.

ეროვნული ბანკის შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6.75 პროცენტია, კომერციულ ბანკებში კი 5-დან 8.5 პროცენტამდე მერყეობს.

თანხების განკარგვა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება.

„ეს თანხები არის კერძო საკუთრება, პერსონალურად იმ ყველა მოქალაქის, რომელიც ჩაერთო სქემაში. შემდეგ მოხდება ამ თანხების ინვესტირება კეთილსაიმედო ფინანსურ აქტივებში. როგორც კი საინვესტიციო საბჭო დაიწყებს მუშაობას, რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, თანხები განთავსდება დივერსიფიცირებულ პაკეტებში“, – აღნიშნა საპენსიო სააგენტოს უფროსმა ლევან სურგულაძემ.