საოცარი მატჩი მაიამიში - ვეიდმა „ჰითს“ ბოლო წამზე მოაგებინა [ვიდეო]
საოცარი მატჩი მაიამიში - ვეიდმა „ჰითს“ ბოლო წამზე მოაგებინა [ვიდეო]

მორიგი შეხვედრები გაიმართა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში. წლევანდელი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დრამატული თამაში გამოდგა „ემერიქან ეირლაინს არენაზე“, სადაც მაიამი „ჰიტმა“ მოქმედი ჩემპიონი, გოლდენ სტეიტ „ვორიორზი“ დუეინ ვეიდის საოცარი ტყორცნით, უკანასკნელ წამზე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 15 ქულის სხვაობით ლიდერობდნენ, თამაშის მიმდინარეობისას კი ერთ ეპიზოდში 22-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდათ. სტუმრებმა მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და არა მარტო აღნიშნული სხვაობის აღმოფხვრა, არამედ დაწინაურებაც მოახერხეს, თუმცა ვეიდის ამ საოცარმა სამქულიანმა საბოლოო გამარჯვება მაინც მაიამელებს მოუტანა. ფლორიდელებს გორან დრაგიჩმა უწინამძღოლა. სლოვენიელმა უკანახაზელმა 27 ქულა გამოიმუშავა, ვეიდის აქტივში 25 ქულა დაფიქსირდა. წაგებულთა მხრიდან, 36 ქულით, საუკეთესო, კლეი ტომპსონი გახლდათ. ამ მარცხის შემდეგ, გოლდენ სტეიტი უშუალო კონკურენტ დენვერ „ნაგეთსს“ მხოლოდ ერთი მოგებით უსწრებს. დენვერი, საკუთარ მოედანზე, იუტა „ჯაზის“ დამარცხების შემთხვევაში, მოგება-წაგების მაჩვენებლით, ლიდერს გაუთანაბრდება.

ცუდად გამოიყურება ბოსტონ „სელტიქსი“. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფავორიტმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. ბრედ სტივენსის გუნდმა ამჯერად საკუთარ „თი დი გარდენში“ ვერაფერი გააწყო შესანიშნავ ფორმაში მყოფ პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსთან“. ორეგონელებისთვის, ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გამოდგა. სტუმრებს დემიენ ლილიარდმა უწინამძღოლა, რომელმაც 33 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა აქტივში. პორტლენდი დასავლეთში მეოთხე ადგილზე იმყოფება და გუნდი დარჩენილ შეხვედრებში, პლეიოფში, რაც შეიძლება მაღალი ადგილიდან შესვლას და პირველ წრეში მოედნის უპირატესობის მოპოვებას შეეცდება. „ტრეილ ბლეიზერსი“ მომდევნო შეხვედრაში აღმოსავლეთის კიდევ ერთ ფავორიტს და ლიდერს – ტორონტო „რეპტორზს“ კანადაში დაუპირისპირდება. რაც შეეხება „სელტიქსს“, ბოსტონელები, ამ წარუმატებელი სერიის შემდეგ, მეხუთე პოზიციაზე არიან.